ტიროლი, ავსტრია
ტიროლი, ავსტრიის სამთო-რეგიონია და მას ე.წ. „ევროპის სამთო ტურიზმის დედაქალაქს” უწოდებენ. რეგიონის მარკეტინგისა და რეკლამირების ოფიციალურად აღიარებული ორგანიზაციაა „Tirol Werbung“ (ტიროლ ვერფბუნგი). საჯარო ორგანიზაციას სახელმწიფო კომპანიის სტატუსი აქვს , და მისი საქმიანობის მთავარი მიზანია ტიროლის პოზიციონირება და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვა. Tirol Werbung მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ბიზნესთან, ტურიზმის საჯარო-სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რეგიონალურ მმართველობის ორგანოებთან. გასათვალისინებელია, რომ ავსტრია ფედერალური მოწყობის ქვეყანაა, სადაც ადგილობრივ და რეგიონალურ მართველობას განსაკუთრებული უფლება-მოვალეობები აკისრია.
Tirol Werbung-ის საქმიანობის მთავარი მიზანია მსოფლიოს გააცნოს ტიროლის მხარის განსაკუთრებულობა, მისი ბუნებრივ-კულტურული თუ ისტორიული კონტექსტი და განსაკუთრებული ხასიათი. ასევე შესთავაზოს ვიზიტორებს მრავალფეროვანი სერვისი და სამოგზაურო თუ დასვენების შესაძლებლობები. სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად Tirol Werbung წარმატებით იყენებს სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ აქტივობებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებს, სოც-მედიას, ციფრულ მარკეტინგს, ბრენდირებას და საერთაშორისო გამოფენების მასპინძლობისა და მონაწილეობის პრაქტიკას. ამ პროცესში, იგი აქტიურად ეხმარება მცირე და ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარულ ხეობებსა და ადგილებს, რომ შექმნან და წარმოაჩინონ ახალი განსაკუთრებული შეთავაზებები. ამ გზით უზრუნველყოფილია რეგიონის შემოთავაზებების მუდმივი განახლება და მარკეტინგური რესურსების ოპტიმიზაცია.
Tirol Werbung საქმიანობა ძირითადად კონცენტრირებულია მარკეტინგზე, გაყიდვების ზრდაზე, სოც-მედიის გამოყენებით საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე და ბრენდის გამოყენებაზე. თავად მცირე და საშუალო ზომის ტურისტული ადგილების მენეჯმენტი ხორციელდება ადგილობრივი DMO-ს მეშვეობით, მათ შორის არის თავად ქალაქ ინსბრუკის DMO. ეს ცალკეული ორგანიზაციები (ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი ორგანიზაციები) ერთამანეთთან თანამშრომლობენ ტურიზმის ასოციაციების ფორმით და ერთიანდებიან ე.წ. ტიროლის DMO-სახით ერთ დიდ გაერთიანებში სახელად Tyrol ტურისტული კავშირი (Verein der Tiroler Tourismusverbände).
საინტერესოა პარალელების გავლება ტიროლსა და სვანეთს შორის, როგორც წარმატების მაგალითი სტრატეგიური ხედვის, ამოცანებისა და აქტივობების რეალიზაციის პროცესში. თანამშრომლობას ტიროლის მარკეტინგსა და ტიროლის DMO-ს შორის უზრუნველყოფს ტიროლის ტურიზმის საბჭო (Tyrol Tourism Board (TTB), რომელშიც შედი ტიროლის რეგიონის მართველობა, ტიროლის სავაჭრო პალატა, DMO-ს კავშირი და ტურიზმის მარკეტინგული საბჭო Tirol Werbung.
ტრენტინო, იტალია
Trentino Marketing „ტრენტინოს მარკეტინგი“ წამყვანი მარკეტინგული ორგანიზაციაა, რომლის უმთავრესი ფუნქციაა ტრენტინოს მდიდარი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რეკლამირება მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე. ორგანიზაცია შეიქმნა 2015 წლის 30 ივნისს, მისი დამფუძნებელია Trentino Sviluppo SpA, 100% საჯარო მფლობელობაში არსებული კომპანია, რომელის დამფუძნებელია ტრენტოს ავტონომიური ოლქი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ ტრენტოში. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მიმდებარე რეგიონის ანალოგიურ ორგანიზაციებთან და აქვს 4 ოფისი ტრენტინოს რეგიონში.
მსგავსად ტიროლისა, ტრენტინოს მარკეტინგი იმართება ტურისტული დანიშნულების ადგილის კლასიკური მოდელის მიხედვით (საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პრინციპით). პროვინციის ზომიდან გამომდინარე ორგანიზაციას არ აქვს ორგანიზაციული გამაერთიანებელი სტრუქტურა ასოციაციის სახით. იგი ცენტრალიზირებული ორგანიზმია და პროვინციის ტერიტორიას ფარავს 4 რეგიონალური ოფისის მეშვეობით და მოიცავს 11 ტურისტული დანიშნულების ადგილს (ტერიტორიას) და იქ არსებულ მცირე ოფისებს.
ტრენტინოს მარკეტინგული ორგანიზაცია ეფექტურად მართავს რეგიონალურ ოფისების მეშვეობით ერთიან მარკეტინგულ აქტივობებს და უზრუნველყოფს ჰარმონიულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ ოფისებს შორის. ამით შენარჩუნებულია ერთიანი მარკეტინგული ხედვა და რესურსების ეფექტური მართვა.
მთავარი მარკეტინგული აქცენტები კეთდება ტრენტინოს უნიკალურ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე (იუნესკოს რამოდენიმე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ტრენტინოს ალპური ეროვნული პარკი). ერთიანი ხედვა, სტრატეგიული მიდგომა და მარკეტინგული და ადგილის მართვის ოფისების თანამშრომლობა უზრუნველყოფს ტრენტინოს, როგორც წამყვანი ტურისტული რეგიონის პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
გრანდ მასივი (აღმოსავლეთ ალპების სამთო-სათხილამურო კურორტები), საფრანგეთი
გრანდ მასივი აერთიანებს რამდენიმე ცნობილ სათხილამურო კურორტს საფრანგეთის ალპებში. გრანდ მასივის მენეჯმენტს ახორციელებს კომპანია Compagnie Des Alpes (CDA), რომელიც არის საჯარო-კერძო სექტორის პარტნიორული წესით დაფუძნებული კომპანია. CDA ახორციელებს სამთო-სათხილამურო კურორტების პირდაპირ ოპერირებას. მის მმართველობის სტრუქტურაში არის საფრანგეთის სახელმწიფო ჰოლდინგი რომელიც ფლობს კომპანიის 35% წილს (Caisse des Dépôts et Consignations-CDC), ხოლო დანარჩენი მფლობელები კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან.
გრანდ მასივის შემთხვევაში კურორტების მართვას ახორციელებენ კონცესიონერი კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო-კერძო შერეული მფლობელობაში მყოფი კომპანიები. ასეთ კორპორაციებს აქვთ კურორტების მართვის ისტორიული გამოცდილება, თუმცა მათი საქმიანობის ხარისხზე ადგილობრივი მმართველობის გავლენა ფაქტობრივად არ არსებობს. მართვისა და რეგულირების მექანიზმი ცენტრალური მთავრობის მიერ არის შემუშავებული. შესაბამისად, დაცულია გეგმარებითი დოკუმენტებისა და სტანდარტების აღსრულების მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას და ხარისხის კონტროლს კურორტების მართვაში. სხვა ალპურ ქვეყნებთან შედარებით საფრანგეთში ადგილობრივი მართვის ორგანიზაციების DMO-ს გავლენა შესუსტებულია. მიუხედავად იმისა რომ ასეთი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ადგილზე დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობას, გადაწყვეტილებების მიღების დროს ძირითადად გათვალისწინებულია მსხვილი კორპორაციების მოსაზრებები და ინტერესები.