შინაარსი
პროექტის კონტექსტი
ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი GRETA „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“. პროექტის ძირითადი საქმიანობაა [1] ორგანული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სამთო ტურიზმის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება; [2] შექმნას გაუმჯობესებული გარემო მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში აქტიურად დაინტერესებული მხარეებისთვის შესაძლებლობების განსავითარებლად. GRETA თავის პროექტებს ახორციელებს 2019 წლიდან დღემდე საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული.
პროექტმა GRETA-მ საკონსულტაციო ჯგუფთან (კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი და სოლიმარ ინტერნეიშენალ) გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მზადდება ზემო და ქვემო სვანეთის (მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები) “ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”. აღნიშნულ პროექტში პირველი ნაწილი ეთმობა არსებული სიტუაციის მოკვლევასა და ანალიზს, ხოლო მის მეორე-დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია სტრატეგიული ხედვა, 5 სტრატეგიული მიზანი, 42 ქმედება და 122 კონკრეტული აქტივობა, რომელთა მიზანია ხუთწლიან პერსპექტივაში სტრატეგიული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. სტრატეგიული მიზნებისა და სამოქმედო გეგმის სტრუქტურა წარმოდგენილია სამუშაო ცხრილების სახით, რასაც თან ერთვის მონიტორინგის ინდიკატორების ჩამონათვალი.
Welcome to Svaneti
მოკლე ისტორიული
მიმოხილვა
პირველი ევროპელი მოგზაურები სვანეთს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ესტუმრნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიელი, ინგლისელი, გერმანელი, ავსტრიელი , შვეიცარელი და ფრანგი მთამსვლელები და მკვლევარები. ამ პერიოდის მოგზაურთა შორის აღსანიშნავია დ.ვ. ფრეშფილდის „კავკასიის აღმოჩენა” სადაც 1860-1880-იანი წლების მოგზაურობა და ასვლებია აღწერილი, ვიტორიო სელას ისტორიული ფოტოები და მრავალი სხვა. ისევე როგორც ალპებში. ამ მკვლევართა დამსახურებაა სვანეთის გამოჩენა ტურისტულ რუკაზე. საბჭოთა პერიოდში სვანეთი ძირითადად რუსი და საბჭოთა რესპუბლიკების ტურისტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ეს იყო საკმაოდ დაბალი ხარისხის, იაფი და აღმოჩენითი ინტერესისგან დაცლილი „საწარმოო“ ტიპის ტურიზმი, რომელსაც ეკონომიკური წვლილი არ შეჰქონდა რეგიონის განვითარებაში, თუმცა კულტურულ-სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებაში. შემდგომ იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, 1990-იანი წლების ტრაგიკული მოვლენებით აღსავსე პერიოდი, მზარდი კრიმინალი და ტერიტორიების ოკუპაცია.
2007 წლიდან საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ზემო სვანეთში ტურიზმის ინდუსტრიის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების მიზნით. აღსანიშნავია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტები სვანეთში, მათ შორის ქალაქ მესტიის ურბანული რეაბილიტაცია და მისი ისტორიული უბნების აღდგენა-კონსერვაცია, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია და ახალი გზის გაყვანა, მესტიის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის ურბანული კეთილმოწყობა, ჰაწვალის მთის და თეთნულდის სათხილამურო საბაგირო კომპლექსების მშენებლობა, ჰაწვალის სათხილამურო ზონის მესტიასთან დამაკავშირებელი საბაგირო და უშგული-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, მესტიის მუზეუმის სრული რეკონსტრუქცია, 100-მდე ისტორიული კოშკის კონსერვაცია-აღდგენა, და მრავალი სხვა.
ქვემო სვანეთში განხორციელდა ლენტეხი-ცაგერი-წყალტუბოს საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს ლენტეხი-ცანა-უშგული (ზაგაროს უღელტეხილი) გზის რეკონსტრუქცია. ამ გზის სტრატეგიული მნიშვნელობა შეუფასებელია. გზის ბეტონის საფარის მოწყობის დასრულების შემდეგ ზემო და ქვემო სვანეთი გაერთიანდება ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად.
ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მიზანი
ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს თანმიმდევრულ ქმედებათა ჯაჭვს, რომლის მიზანია სვანეთის პოპულარიზაცია და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონის მდგრად განვითარებას. დოკუმენტის გამოყენებას შეძლებს სვანეთში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარეს, მათ შორის კერძო და საჯარო ინსტიტუციები, დონორები და განვითარების სააგენტოები მუნიციპალურ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე. ეს შესაძლებლობას მისცემს რეგიონს მოიზიდოს დამატებითი თანხები მარკეტინგის, ტურისტული პროდუქტის, ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების გასაუმჯობესებლად, რაც შექმნის მდგრადი ტურიზმის განვითარების საფუძველს და გაზრდის სვანეთის კონკურენტუნარიანობას.
კვლევის პირველი ნაწილი მოიცავს ვითარების შესწავლას და შესაძლებლობების ანალიზს. საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ეს სამუშაოები ჩატარდა ამა წლის თებერვალი-მაისის პერიოდში. ამ პერიოდში განხორციელდა რამდენიმე სამუშაო ვიზიტი მესტიასა და ლენტეხში, მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, სხვადასხვა რეგიონულ და ეროვნულ ინსტიტუციებთან და რაც მთავარია, უზრუნველყოფილი იყო სვანეთის DMO-სა და მუნიციპალიტეტების აქტიური მონაწილეობა. საბოლოო დოკუმენტი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ჩაბარდა დამკვეთს, პროექტ GRETA-ს 2023 წლის 1 ივნისს. დოკუმენტში წარმოდგენილია სიტუაციის დეტალური აღწერა, სირთულეები და მათი გადაჭრის გზები, გამოკვეთილია ზამთრისა და ზაფხულის სეზონის პრიორიტეტული აქტივობები და ახალი მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების შექმნისთვის საჭირო ინიციატივები.
დოკუმენტში ასახულია ტურიზმის განვითარებისათვის არსებულად გასათვალისწინებელი ფაქტორები: გეოგრაფია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ურბანული გეგმარება, ინფრასტრუქტურა და საჯარო სერვისები, საკურორტო განვითარება, პროფესიული კადრების მომზადება, სტატისტიკა და ეკონომიკური პროგნოზირება.
ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (5 წლის პერსპექტივა) წარმოადგენს დეტალურად გააზრებულ „გზამკვლევს“ თუ რა ფასეულობებზე დაყრდნობით და რა ქმედებებით არის შესაძლებელი, სვანეთის, როგორც გამორჩეული ტურისტული მიმზიდველობის მქონე ადგილის, ჩამოყალიბება.
სტრატეგიული ხედვა ეფუძნება ურთიერთგაზიარებულ ღირებულებებსა და საერთაშორისო ტენდენციებს. ხედვის განხორციელებისთვის წარმოდგენილია 5 სტრატეგიული მიზანი, ხოლო ცალკეული მიზნის მისაღწევად შემოთავაზებულია 10-მდე კონკრეტული პრიორიტეტული ქმედება. ცალკეული ქმედების განხორციელებისათვის მითითებულია ინიციატორი ორგანიზაცია და მხარდამჭერები, დროითი ჩარჩო და ფინანსური შეფასება. წარმოდგენილია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მონიტორინგისთვის საჭირო ინდიკატორები.
პირველი სტრატეგიული მიზანი ემსახურება მთავარ ფუნდამენტურ წინაპირობას, რომ სვანეთში შეიქმნას კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და რეკრეაციული გარემო. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა კონსოლიდირებული და კოორდინირებული ძალისხმევა, რაც სცილდება მუნიციპალური მმართველობის შესაძლებლობებს. ქმედებები ეხება - ინფრასტრუქტურას, საჯარო სერვისებს, ურბანულ გეგმარებას, საგზაო ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, ენერგომომარაგებას, წყალმომარაგებასა და კანალიზაციას და მყარი ნარჩენების მართვას.
სვანეთის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა სათავგადასავლო ტურიზმის განუსაზღვრელი შესაძლებლობებია, რაც ეფუძნება ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და სვანი მასპინძლებისა და მეგზურების ისტორიულად ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას. სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს მსოფლიო დონის სამთო-სათავგადასავლო შეთავაზებებს, რომლებიც უკავშირდება ფრირაიდს, მთამსვლელობას, ჰელისკის, სკი-ტურინგს და სხვა ექსკლუზიურ სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტს. საერთაშორისო ფესტივალები და სპორტული შეჯიბრები მსგავსი საქმიანობის პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობაა. სვანეთი ასეთ საერთაშორისო ღონისძიებებს მასპინძლობს ტრადიციულ კულტურულ-ისტორიულ გარემოში, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მონაწილეებსა და სტუმრებზე.
კვალიფიციური სერვისის შეთავაზება (იქნება ეს სამთო გამყოლობა თუ სასტუმროს მომსახურება) შეუძლებელია მიღწეული იქნას პროფესიული სწავლების, სერტიფიცირებისა და საერთაშორისო აღიარების გარეშე. შესაბამისად პროფესიული განათლება სტუმართმასპინძლობის სექტორსა და სამთო-სათავგადასავლო პროფესიებში არის ერთადერთი სწორი გზა კეთილდღეობისა და კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნველსაყოფად.
შესაბამისად მე-3 სტრატეგიული ამოცანა ეძღვნება პროფესიული სწავლების პოპულარიზაციას, სწავლების ფორმალიზებასა და სერტიფიცირებას და შესაბამის საერთაშორისო აღიარებას. ამის ერთ-ერთი კონკრეტული საქმიანობის მიმართულებაა სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების სწავლება/აკრედიტაცია და ამისთვის სათავგადასავლო ტურიზმის რეგიონალური ფილიალის დაარსება მესტიაში/დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.
სვანეთის საერთაშორისო ცნობადობისათვის აუცილებელია მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობა, რომელიც გაითვალისწინებს საერთაშორისო ტენდენციებს, მარკეტინგულ საშუალებებს და სარეკლამო სოც-მედია არხებს. მიზნობრივ ბაზრებზე (მომხმარებელი) წვდომა შესაძლებელია სპეციფიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა სოც-მედიის საშუალებით მოგზაურთა მოგონებები, ისტორიები, შთაბეჭდილებების გაზიარება. ამასთან ერთად ტრადიციული ტურისტული კომპანიებისა და ასოციაციების დაინტერესების ხელშეწყობა სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებისა და ღონისძიებების მოწყობის გზით.
მეხუთე სტრატეგიული მიზანი ითვალისწინებს ტურისტული ადგილის მართვა-მენეჯმენტში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის და ამ მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას. ერთიანობაში, შემოთავაზებული 5 სტრატეგიული მიზანი ასე გამოიყურება: 1. ინფრასტრუქტურა და საჯარო სერვისები; 2. უნიკალური ტურისტული შეთავაზება; 3. კომპეტენტური კადრების მომზადება; 4. მიზნობრივი მარკეტინგი და რეკლამირება; 5. ინტეგრირებული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ამ მიზნების მიღმა კვლავაც რჩება ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად განაპირობებს ტურიზმის სტრატეგიის რეალისტურობას. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია რომ ტურიზმის განვითარების რეგიონალური სტრატეგია იყოს განხორციელებადი და მისი სამოქმედო გეგმა ეყრდნობოდეს რეალურ შესაძლებლობებს, იყოს განხორციელებადი 5 წლის პერსპექტივით, შესაძლებელი იყოს მისი შედეგების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანით მისი ადაპტირება.