top of page

ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი სერვისები 

1.0 ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობესებით უკეთესი საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნა

სვანეთის ტურისტული მიმზიდველობისათვის აუცილებელია უკეთისი საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნა. ეს გულისხმობს ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი რესურსების ეფექტურ გამოყენებას ადგილობრივი ეკონომიკის მხარდასაჭერად და მათი მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. ეს ასევე გულისხმობს კულტურული ლანდშაფტის პატივისცემით გამოყენებას მის მფლობელებთან თანამშრომლობით, რეგიონის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ინოვაციური მიდგომები გადაწყვეტილებების მიღებისას და ახალი საზოგადოებრივი სერვისების შეთავაზება აუცილებელია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მტკიცებულებებზე დამყარებული განვითარების სტრატეგიების შემუშავება (მათ შორის კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინება) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რეგიონის გეგმაზომიერი განვითარებისათვის. აუცილებელია ტურიზმის ინდუსტრიის ადგილობრივ სოციალურ-კულტურულ გარემოში ინტეგრირება, ტრადიციული არქიტექტურისა და მიწათსარგებლობის პატივისცემა, სერვისებისა და დასვენებისთვის სპეციფიკური ინფრასტრუქტურის განახლება ისე, რომ შენარჩუნებული იყოს რეგიონის ავთენტურობა. სვანეთის განამსხვავებელი თავისებურებების გათვალისწინებით და ინტეგრირებული და გეგმაზომიერი გეგმების განხორციელებით შესაძლებელია ტურიზმის განვითარება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი ეკონომიკური, სოციალური და რეკრეაციული გარემო ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის.

Mountains
1.0

1.1 ურბანული გეგმარება, მიწათსარგებლობა და ისტორიული იერსახის შენარჩუნება

Screenshot 2023-09-22 at 06.56.51.png

სვანეთის უნიკალური ურბანული არქიტექტურის შენარჩუნება და პოპულარიზაცია აუცილებელია ვიზიტორების მოსაზიდად. ურბანული გარემოს დაცვა, შენარჩუნება და განვითარება უნდა ექვემდებარებოდეს ურბანული დაგეგმარებისა და მიწათსარგებლობის გეგმარებით დოკუმენტებს და აღსრულებისთვის სავალდებულო რეგულაციებს. ასეთი დაგეგმვის დოკუმენტების მიღება და დამტკიცება მუნიციპალიტეტების პრეროგატივას წარმოადგენს და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ექსპერტთა მულტიდისციპლინური ჯგუფის მონაწილეობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება.

დღეის მდგომარეობით, მულახის თემის მიწათმოწყობის გეგმა დამტკიცებული მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, უშგულის გენერალური განვითარების გეგმა მომზადებულია და გაგზავნილი შესათანხმებლად იუნესკოში, მესტიისთვის მუნიციპალიტეტის სივრცული მოწყობის საყრდენი გეგმა მომზადებულია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების დამტკიცების პროცესი საჭიროებს შეთანხმებებს და შესაბამისად დროს, მსგავსი დოკუმენტაციის არსებობა წინგადაგმული ნაბიჯია, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს არქიტექტურული, ურბანული და მიწათსარგებლობის ისტორიული პრაქტიკა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით მსგავსი დოკუმენტები შემუშავებული არ აქვს. ცალკეული პრიორიტეტული მიმართულებებით გეგმარებითი დოკუმენტებისათვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობების კვლევითი სამუშაოები მიმდინარე პროცესშია (მაგ. კურორტ ჭუთხაროსა და მუაშის განვითარების შესაძლებლობების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები). ამ და მსგავსი დოკუმენტაციის ინიცირება და შესრულება აუცილებელი წინაპირობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ურბანულად მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების კონკრეტული ქმედებები და ამოცანები მოიცავს შემდეგს:

- მულახისა და უშგულის თემების ურბანული და მიწათსარგებლობის დაგეგმვის დასრულება და დამტკიცება და შესაბამისი რეგულაციების დანერგვა.

- ურბანული და მიწათსარგებლობის დაგეგმვის მომზადება მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების სრულ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

- ურბანული დაგეგმარების დოკუმენტების ფარგლებში არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების საყრდენი გეგმის შექმნა, ობიექტების სრული ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია და ადაპტაციისა და რეკონსტრუქციის მიდგომების განსაზღვრა-შეთანხმება გეგმებთან.

- ღონისძიებების გატარება იმ არაორგანიზებული განვითარების თავიდან ასაცილებლად, რომელიც რეგიონის ისტორიულ და კულტურულ ქსოვილს არღვევს, ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზების მეშვეობით.

- რეკრიაციული სივრცეების შენარჩუნება, გაფართოება და არქიტექტურულ და ურბანულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

- საგზაო ქსელის გაუმჯობესება და საკურორტო ზონების ირგვლივ „უმანქანო“ ზონების დანერგვა, მდგრადი საჯარო სატრანსპორტო ქსელის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტულად დატვირთულ ზონებში, მჭიდრო დასახლებებში, ტრანსპორტით გადატვირთულ ადგილებში (მაგალითად მესტია-უშგული) მიწისზედა და მიწისქვეშა ავტო საპარკინგე სივრცეების მოწყობა.

ეს ინიციატივები მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ჰარმონიული გარემოს შექმნას, რომელიც რეგიონის უნიკალური იდენტობის შენარჩუნებასთან ერთად დააბალანსებს ტურიზმის საჭიროებებს, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის დასაქმების შესაძლებლობებს.

1.1

1.2 ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გეგმარებითი მოთხოვნებისა და გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებით

Screenshot 2023-09-22 at 06.57.12.png

სვანეთში ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ჩადება კონკრეტულ ინფრასტრუქტურაში -საბაგიროს, ენერგომომარაგების, ტრანსპორტის, სასტუმროების, რესტორნების, გასართობ ზონებსა და საზოგადოებრივ ადგილებში. მუნიციპალურ ხელისუფლებას, ადგილობრივ ტურისტულ ინდუსტრიას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და ამ ამოცანების გადასაჭრელად საჭიროებენ ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. მსგავსი ამოცანების  გადასაჭრელად აუცილებელია არსებობდეს კოორდინაცია ინვესტორებს, უძრავი ქონების დეველოპერებს, ეროვნულ სააგენტოებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს შორის. დანიშნულების ადგილის მართვაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ უნდა შეითავსოს საკოორდინაციო ფუნქციები და უზრუნველყოს მდგრადი სამთო ტურიზმის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.

მაგალითისთვის შეიძლება მოყვანილი იქნას დაბა მესტიაში ცენტრალური მოედნის „სეტი“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება, დასასვენებელი რეკრიაციული სივრცეების შექმნა, ისტორიულ უბნებთან წვდომა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზება საბაგიროებთან წვდომის გაუმჯობესებისათვის და სხვა. 

ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ასევე გასათვალისწინებელია:

  • მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ადგილებში ტურისტული მომსახურების ცენტრებისა და DMO-ს ოფისების განთავსება.

  • დ. მესტიაში მდინარე მესტიაჭალის მარჯვენა სანაპიროზე აეროპორტის ხიდისა და დროებითი ხიდის შუა მონაკვეთში ბულვარის მშენებლობა ველობილიკით. (აღნიშნული პროექტი გათვალისწინებულია სვანეთის განაშენიანების გენ-გეგმარების საყრდენ დოკუმენტში).

  • დ. მესტიაში ისტორიული სოფლის, ლაღამის, რესტავრაცია.

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი პრიორიტეტებია ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, როგორც ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაცია, ახალი სათხილამურო ზონის მიზანშეწონილობის შეფასება და სოფელ მახაშის, როგორც ისტორიული დასახლების აღდგენა-განახლება.  

1.2

1.3
მდგრადი და ხარისხიანი ენერგომომარაგება

Enguri

მდგრადი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა სვანეთისთვის კრიტიკულ საკითხად იქცა.  შეფასების ანგარიშში (ნაწილი 1) ძირეულ მიზეზად საჯარო და კერძო ინტერესებს შორის კონფლიქტია მიითებული. მდინარე ენგურის წყალშემკრებ აუზში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით უფასოდ სარგებლობს, რაც სახელმწიფო სუბსიდიის სახით მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი სოციალური სარგებელია. რაც შეეხება საწარმოო ობიექტებს, როგორიცაა სასტუმროები, საბაგიროები და სხვა - ელექტროენერგიის საფასურს კომერციული ტარიფით იხდიან. მცირე საოჯახო ბიზნესების (რომლებიც არ არიან სასტუმროს სახით რეგისტრირებული) უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის მოხმარების საფასურს არ იხდის.

ენერგომოხმარება სვანეთში მოსახლეობისა და ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით მერყეობს და ტურისტული სეზონის პიკის პერიოდებში მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, ენერგომოხმარებისა  და გადახდების ტარიფიზაცია აუცილებელია სტაბილიზაციისთვის ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად. შესაძლოა გამოყენებული იქნას საქართველოში მოქმედი „მთის კანონში“ გათვალისწინებული შეღავათების პრაქტიკა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაგალითზე, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ან ოჯახზე (აბონენტი) ენერგომოხმარება სუბსიდირებულია ფიქსირებული მაქსიმალური ლიმიტით, ხოლო ამ ლიმიტს ზევით მოხმარებული მომსახურების გადახდა ხორციელდება მოსახლეობისთვის დადგენილი  ტარიფით.

რეკომენდებული აქტივობები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. პირველ რიგში, აუცილებელია მომხმარებლებისთვის არსებული ენერგომომარაგების ქსელების ტექნიკური გამართვა-გაუმჯობესება. განახლებადი/აღდგენადი ენერგიის წყაროების გამოყენება და მათ მიერ გამომუშავებული წილის გაზრდა (საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა-ექსპლუატაცია) უპირველეს ყოვლისა მუნიციპალური და საზოგადო დანიშნულების შენობების ენერგოუზრუნველყოფისათვის.სუბსიდირების სისტემის დანერგვა და კომერციული და არაკომერციული მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული ტარიფების შეთანხმება ენერგომომწოდებლებთან. ამჟამად რეგიონში მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 82,0 მეგავატია.  საყურადღებოა ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი, რომელიც წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას საჭიროებს.

1.3

1.4
გზები და რეგიონალური კავშირები

SVANETI_200k - Hiking Trails and Touristic Infrastructure.jpg

სვანეთი საქართველოს სხვა რეგიონებთან ძირითადად ზუგდიდი-მესტიის სახელმწიფო საავტომობილო გზით არის დაკავშირებული, რომლის სიგრძე 136 კმ-ია. ეს გზა რიგი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ძვირადღირებულ მოვლას საჭიროებს. გზის ხარისხი ნორმალურია, თუმცა მისი მოვლა-პატრონობა მნიშვნელოვან სახსრებს მოითხოვს და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. გზის ხარისხი გარკვეულ მონაკვეთებში ნორმალურია, თუმცა დიზი-ეცერის მონაკვეთი კრიტიკას ვერ უძლებს. ტექნიკური მომსახურების ღირებულება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MoRDI) და სახელმწიფო გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაა.

შიდა გზები, რომლებიც მუნიციპალურ ქალაქს პატარა სოფლებთან და საზოგადოებრივ ცენტრებთან აკავშირებს, მუნიციპალური ბიუჯეტით ფინანსდება. ზოგიერთი პრიორიტეტული პროექტი ასევე მიზნობრივად ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ან საერთაშორისო განვითარების სააგენტოებიდან (დონორები) და ხორციელდება სამინისტროს ან დაქვემდებარებული მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მიერ. შეზღუდული თანხების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა პრიორიტეტად თავისი საინვესტიციო საჭიროებები უნდა განსაზღვროს, როგორც ტურიზმის განვითარების პერსპექტივების, ასევე კონკრეტული თემების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

პრიორიტეტიზაცია მოითხოვს კოორდინირებულ ძალისხმევას, რათა დააკმაყოფილოს ტურიზმის განვითარების მოთხოვნები (მაგალითად, ხელი შეუწყოს საბაგიროს ობიექტებში სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტურ უკუგებას), გააუმჯობესოს პოპულარულ ხეობებსა და სოფლებში მიმავალი გზები (როგორიცაა ბეჩო, ადიში, ნაკრა) და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის სტუმართმოყვარეობის ბიზნესში (დიდი და მცირე სასტუმროები). მნიშვნელოვანია შორეულ ხეობებში სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ახალი შესაძლებლობების შექმნა პოპულარული ბილიკების გასწვრივ ინვესტიციების მოზიდვით, როგორიცაა ღამისსათევი ტურისტული ქოხები და ტურისტული ბილიკების კეთილმოწყობა და სამაშველო სამსახურის საქმიანობის  უზრუნველყოფა.

ეროვნულ დონეზე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მონაკვეთის რეაბილიტაცია სახელმწიფო კატეგორიის გზებისთვის პრიორიტეტულია. ამჟამად ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის ინვესტიციები ხორციელდება ახალი ხიდების (მაგ. ოხარკალა) მშენებლობისა და არსებულის (ენგურის, მაგანის და შკაშგელიას) რეაბილიტაციისთვის, ასევე მდინარის ნაპირების დასაცავად.

მესტიის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური გზების საერთო სიგრძე 832 კმ-ია, საიდანაც 390 კმ კარგ მდგომარეობაშია, 440 კმ რეაბილიტაციას საჭიროებს. ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური გზიდან მოშორებით არსებული გზების კეთილმოწყობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზამთრის სეზონზე უსაფრთხო და კეთილმოწყობილი მუნიციპალური სერვისების უზრუნველყოფას შორეულ დასახლებებისათვის.

მესტია-ლენტეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა: ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი (ზაგაროს უღელტეხილი) გზის რეკონსტრუქცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და რომლის დასრულებაც იგეგმება 2023 წელს. ეს ისტორიული გზა მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადებს, რომლებიც ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის და მნიშვნელოვნად შეცვლის ვიზიტორთა ნაკადების დინამიკას.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ეროვნული მნიშვნელობის გზები 102 კმ-ს მოიცავს, ლენტეხიდან ცანამდე 58 კმ მოასფალტებულია (მიმდინარეობს გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები). რეაბილიტაცია 44 კმ-ზეა საჭირო, 28 კმ-იანი გზა კი ცენტრალურ გზას სოფლებთან აკავშირებს. კონკრეტული ლოკაციების პრიორიტეტიზაცია აუცილებელია მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიების გამოსავლენად და მათ ირგვლივ აქტივობების კონცენტრირებისთვის კერძო სექტორის ინტერესებისა და ინვესტიციების მოსაზიდად. რეკომენდებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ზესხოსა და აილამაში ყოფილი ალპური ბანაკის აღდგენის სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად, სხვა შესაძლებლობებთან ერთად. ამ სამუშაოს კურორტების სააგენტოს დაკვეთით ანხორციელებს საკონსულტაციო კომპანია ერნს ენდ იანგი E&Y და ფრანგული კომპანია კომპანი დეზ ალპს CDA.

მსგავსი მაშტაბის პროექტების დაგეგმვისას აუცილებელია კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი რისკების შეფასება და მათი პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებების გათვალისწიენება.

1.4

1.5 საზოგადოებრივი ტრანსპორტი

Bus

მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი სატრანსპორტო სერვისები ამჟამად მიუწვდომელია, თუმცა ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე აშკარაა მათი საჭიროება. მგზავრთა გადაზიდვებს ახორციელებენ კერძო გადამზიდი კომპანიები ან ინდივიდუალური მეწარმეები. ორივე მუნიციპალიტეტში კერძო სექტორის სერვისები სტუმრებს მაღალი ფასებით ემსახურება. ევროპული ტურისტული მიმართულებების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი და კერძო თანამშრომლობა გადამწყვეტია ტურისტული სერვისების გაფართოებისა და ახალი ტერიტორიების (ხეობების, საფლების) ტურისტულ ბიზნესსში ჩასართავად.

მაგალითი: ტიროლი/ავსტრია შტუბაის ხეობის სათხილამურო/რეკრეაციული კურორტის პოპულარობა უკავშირდება სათხილამურო საბაგირო კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ხეობის ბოლოს, თუმცა მისი მომხმარებელი განთავსებულია ხეობის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და სასტუმროებში, რომელებიც დაშორებული არიან საბაგარი კომპლექსიდან 15-20 კმ-ის მანძილზე და სარგებლობენ კარგად ორგანიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც თავის მხრივ ინტეგრირებულია საბაგირო კომპლექსის საქმიანობასთან. მსგავსი მიდგომა გამოყენებული უნდა იყოს თეთნულდის საბაგიროსა და მესტიას შორის ორგანიზებული სატრანსპორტო სერვისის უზრუნველსაყოფად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დამსვენებელთა/საბაგირო გზის მომხმარებელთა რაოდენობას.

ლენტეხის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ასეთივე მიდგომის დანერგვა, რადგან სტუმრების განთავსების განფენილობა ხეობის გასწვრივ დიდია (10-15 კმ) და საჭიროებს სატრანსპორტო სერვისს. ეს წაახალისებს ვიზიტორებს, რომ დარჩნენ რამოდენიმე დღით და ჰქონდეთ შესაძლებლობა იმოგზაურონ მდინარე ცხენისწყლის ან ლახამულას გასწვრივ მდებარე პატარა სოფლებში.

მესტიაში წრიული მარშრუტის მოწყობა, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის აუცილებელია. საჭიროა საშუალო ზომის ავტოსადგურის აშენება. დასაგეგმია რეგულარულ მარშრუტების განახორციელება და ტურისტულად პოპულარული ლოკაციების დაკავშირება (აეროპორტი-ცენტრი ‘სეტი“, მუზეუმი, საბაგირო და სხვა ახლომდებარე სოფლები).

რეგიონულ დონეზე მთავარი ტურისტული სეზონის განმავლობაში შეიძლება მთავარი წრიული სატრანსპორტო მარშრუტი ფუნქციონირებდეს, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს მესტიის, უშგულისა და ლენტეხის გავლით დააკავშირებს.

1.5

1.6 რეგიონული და საერთაშორისო კავშირები

974_preview.jpg

საჰაერო კავშირი:

საშუალო და მცირე ზომის (24 - 30 მგზავრი) თვითმფრინავებით რეგულარული, ჩარტერული თუ კერძო თვითმფრინავებით (4-6 მგზავრი)  ფრენების განხორციელება უდავოდ პერსპექტიული მიმართულებაა. ფრენები, რომლებიც აკავშირებენ მესტიას ქვეყნის სხვა აეროპორტებთან (ქუთაისი, ბათუმი, ნატახტარი, თბილისი) განსაკუთრებით მოთხოვნადია და მათი რეგულარობის გაზრდა და შემდგომში ლენტეხი/ჩიხარეშის აეროპორტის დამატება (უნდა ჩატარდეს ტექნ-ეკონომიკური შესაბამისობის კვლევა)  პერსპექტიული მიმართულებაა. ეს აეროპორტი ხელს შეუწყობს შიდა ფრენებს, რომლებიც ქუთაისს, მესტიას, ჩიხარეშსა და ამბროლაურს დააკავშირებს, შექმნის ყოვლისმომცველ ქსელს და საშუალებას მისცემს რეგიონის სრულ ინტეგრაციას ეროვნულ ტურისტულ საქმიანობაში.

ამის დადასტურებაა მესტიის აეროპორტის წარმატებული მუშაობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს რეგულარულ ფრენებს (სუბსიდირებულ ფრენებს) და რომელზეც მოთხოვნა გამუდმებით სჭარბობს შეთავაზებას. ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში ბილეთები ტურისტული სეზონის დაწყებამდე მთლიანად გაყიდულია.

რეკომენდებულია ამ შესაძლებლობის გამოყენება და მაღალი ეკონომიკური ეფექტის მისაღწევად ფრენების სიხშირის გაზრდა, თუნდაც საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ბილეთის უფრო მაღალ ფასად შეთავაზებით (სუბსიდირების გარეშე).

შეიძლება მოვიყვანოთ რამდენიმე საერთაშორისო მაგალითი, როგორიცაა საფრანგეთის კურორტი შამონი, რომელსაც ემსახურება ადგილობრივი აეროპორტი, რომელიც იღებს მცირე ზომის თვითმფრინავებს კერძო და ჩარტერულ რეისებს და საჭიროების შემთხვევაში ემსახურება სასწრაფო სამედიცინო და სამთო-სამაშველო მომსახურებისთვის საჭირო ფრენებს.

საგზაო კავშირი:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზემო სვანეთის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი მთავარი გზა არის ზუგდიდი-მესტიის სახელმწიფო გზა მდინარე ენგურის კანიონის გასწვრივ (136 კმ). ქვემო სვანეთთან მისასვლელი კიდევ ერთი გზაა მდინარე ცხენისწყლის გასწვრივ, რომელიც მას ცაგერთან და რაჭაში წყალტუბო/ქუთაისთან ან ამბროლაურთან აკავშირებს. ეს ორი გზა ერთმანეთთან დაკავშირებულია მთიანი მონაკვეთით, რომელიც უშგულსა და ცანას (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) აკავშირებს ზაგაროს უღელტეხილის გავლით (ამჟამად მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები). სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი წრიული გზა (მესტია-უშგული-ცანა-ლენტეხი 115 კმ) ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი გახდება. საავტომობილო გზა შეასრულებს „ღერძული მარშრუტის“ ფუნქციას, რომლის ირგვლივაც განვითარდება სხვადასხვა სათავგადასავლო ტურიზმის მარშრუტი (საფეხმავლო, საცხენოსნო, ველო, და სხვა).

პრიორიტეტები:

- ზუგდიდიდან ჯვარის, მესტიის, უშგულის, ზაგაროს, ლასდილის ეროვნული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია.

- ლასდილი-ცანას  გზის მონაკვეთის  რეკონსტრუქციის დასრულება.

- მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით რეგულარული ავტობუსის ხაზების მუშაობა.

- ლენტეხიდან ქუთაისამდე რეგულარული ავტობუსების ხაზების მუშაობა.

- მესტიასთან ფრენის სიხშიროს გაზრდა.

- ჩიხარეში/ლენტეხში ახალი აეროპორტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესაძლებლობა/საჭიროების ტექნ-ეკონომიკური შესაძლებლობების კვლევა.

1.6

1.7 წყალმომარაგება და წყალარინების სისტემების მოწყობა

waterfall.png

შეფასების მიხედვით, გამართული და კარგად მოვლილი წყალმომარაგების სისტემა მხოლოდ ქალაქ მესტიას აქვს (თუმცა მესტიაში არ არსებობს გამწმენდი ნაგებობები და გამომდინარე აქედან ფეკალური მასები პირდაპირ ჩაედინება მდ. მესტიაჭალასა და მულხურაში). სხვა სოფლებში წყალმომარაგება ხორციელდება წყაროების წყლის სისტემებით, ხოლო განაწილება გრავიტაციულად ხდება, შესაბამისად წყლის ფილტრაცია-ქლორირება არ ხდება. ეს საკითხი სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია ტურისტთა განთავსების ადგილთა ან მომსახურების კონცენტრაციაა, როგორიცაა სოფელი უშგული, საბაგირო სადგურების ტერიტორია, და სხვა. მსგავსი ადგილების წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების შესაქმნელად აუცილებელია მიზნობრივი ინვესტიციების გამოყოფა და ამ სისტემების მართვის სახელმწიფოში დანერგილი პრაქტიკის გამოყენება. ამ ინვესტიციებს/სერვისებს ეროვნულ დონეზე ახორციელებს სახელმწიფო კომპანია UWSUC-მ, ხოლო მუნიციპალურ დონეზე მუნიციპალური სერვისები. შესაძლებელია მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დახმარებით საერთაშორისო დონორი პროგრამების მოზიდვა და სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაზიარება (ბაკურიანი, გუდაური, სხვა). ეს საკითხები თანაბრად მნიშვნელოვანია მესტიისა და ლენტეხის სოფლებისა და საკურორტო ზონებისთვის.

 

მესტიაში მცხოვრები ოჯახებისა და კერძო მომხმარებლების დაახლოებით 20%-ს არ აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება არასაკმარისი ნაკადის გამო და წყლის ხარისხზე ამინდის პირობები და ნიადაგის დაბინძურება მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამიტომ მესტიაში წყალმომარაგების სისტემის განახლება უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, UWSCG-მ 2019 წელს  საერთაშორისო კონტრაქტორთან მესტიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ხელშეკრულება დადო. თუმცა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულების შეცვლაზე განხორციელების დროს წარმოქმნილი ობიექტური გარემოებების გამო.

 

სვანეთის თემების უმრავლესობა ეყრდნობა კუსტარულ წყალმომარაგების სისტემებს წყაროს წყალმიმღებით, გარდა უშგულისა, სადაც კაპიტალური წყალმომარაგების სისტემა ნაწილობრივ დანერგილია და დასრულებას საჭიროებს. პროფესიონალი ინჟინრების დახმარებით მუნიციპალიტეტმა სასმელი წყლის ხარისხისა და მისი სტაბილურობის გასაუმჯობესებლად ცალკეულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემების პროექტირება და მშენებლობა დაიწყო.

 

მესტიის გარდა, სეპტიკური ტიპის ჩამდინარე წყლების გამწმენდი განყოფილება მხოლოდ სოფელ ფარშია, სადაც 40-მდე კომლია. ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალის მქონე ადმინისტრაციულ ერთეულებში, როგორიცაა უშგული, კალა, ადიში (მშენებარე), მულახი, იფარი, წვირმი, ლენჯერი, ლატალი, ბეჩო, ეცერი, ლახამულა, ნაკრა, ჭუბერი  ხაიში და მათში შემავალ სოფლებში ჩამდინარე წყლების დაუყოვნებლივ გაწმენდას საჭიროებს.

 

UWSCG-მ ქალაქ ცაგერში,  სოფელ ქვემო ცაგერსა და ლენტეხში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტსა და მშენებლობაზე სახელმწიფო შესყიდვა დააინიცირა. ეს მოიცავს დამატებითი წყალმიმღების და მაგისტრალური მილსადენების მშენებლობას 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, რომელიც ამჟამად არ არის სანდო და სეზონურ ცვლილებებს ექვემდებარება.

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ამ სექტორში ინვესტიციებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული ტენდერების მეშვეობით ახორციელებს, მათ შორის არის: 19 სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და მშენებლობა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. მესტიის მსგავსად, დაბა ლენტეხს გააჩნია ჩამდინარე წყლების ქსელი გამწმენდი ნაგებობების გარეშე (სეპტიკი), რომელიც პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. ამ სისტემის განახლება მთავარი პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ მდებარე ადმინისტრაციული ერთეულები და მასში შემავალი დიდი სოფლები კარგი ტურისტული პოტენციალით ჩამდინარე წყლების მართვის დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. ეს სოფლებია სასაში, ლუჯი, ლეუშერი, თეკალი, მამი, ჭველიერი, დურაში, ბაბილი, ხოფური, ქვერეში, რცხმელური, ხელედი, ტვიბი, ჯახუნდერი, ლემზაგორი, ჩიხარეში, მელე, შკედი.

1.7

1.8 მყარი ნარჩენების მართვა

Waste Management

დღეს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მყარი ნარჩენების სათანადო ნაგავსაყრელები არ გააჩნიათ . სახელმწიფო კომპანია „მყარი ნარჩენების მართვა“ თანამშრომლობს მუნიციპალურ სამსახურებთან მყარი ნარჩენების შეგროვებისა და შორეულ ნაგავსაყრელებზე ტრანსპორტირების მიზნით.  ეს მიდგომა რეგიონებისთვის მის ვარგისიანობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს დიდი მანძილებისა და რთული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

 

სექტორის ეროვნული რეგიონული სტრატეგიის საფუძველზე ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების მართვა რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობის გარეშე ხორციელდება. ამის ნაცვლად, გამოიყენება ნარჩენების გადატანის სადგური, რომელსაც „საქართველოს ნარჩენების მართვის კომპანია“ მართავს, ხოლო ნარჩენების გატანის ღონისძიებები მუნიციპალური მთავრობის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. მთავარი პრიორიტეტული ამოცანები რეგიონული და ადგილობრივი გზების ქსელის განვითარებით, მუნიციპალური სერვისებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფით და პერსონალის მომზადებით დასახლებებიდან ნარჩენების გატანის ეფექტურობის გაუმჯობესებას მოიცავს.

 

საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით მოთხოვნილი რეგიონისთვის სპეციფიკური ძირითადი საქმიანობა შემდეგია:

 

- ნარჩენების შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და ფუნქციონირება ცალკე მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისთვის, საგანმანათლებლო ინიციატივებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის გადასვლას ნარჩენების სათანადო სეპარაციაზე.

- გაფართოებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის (EPR) დანერგვა, რომელიც მწარმოებლებს ავალდებულებს პროდუქციის ეკოლოგიური დიზაინის შექმნას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და ნარჩენების წარმოქმნას წარმოებისა და გამოყენების დროს.

 

- ნაგავსაყრელებზე გადაყრილი ბიოდეგრადირებადი ნარჩენების დაგეგმილი შემცირება.

 

ამ მიზნებიდან გამომდინარე, ნარჩენების მართვის კომპანია გეგმავს მეორე ნარჩენების გადამტანი სადგურის მოწყობას მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ლახანთან ახლოს. გარდა ამისა, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის“ ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადასატანი სადგურის აშენება იგეგმება, რომელიც როგორც ლენტეხის, ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. კალასა და იფარს შორის მესამე გადასატანი სადგურის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს სატრანსპორტო მანძილებს სოფლებს შორის, რითაც გაზრდის მუნიციპალური მომსახურების კომპანიის ეფექტურობას და შეამცირებს ექსპლუატაციისა და ტექნიკურ ხარჯებს.

1.8
bottom of page